ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

 

 

 

 

ქ. ბათუმში გამართული საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მასალები

              

2011 წლის 4-5 ივნისს ქ. ბათუმში შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: "ტურიზმი და ეკონომიკა", რომელსაც 10-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ტურიზმის დარგის სპეციალისტები, სულ 150 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის: სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოც. პროფესორი მადონა გელაშვილი ("აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში"); ასოც. პროფესორი ნაზი გვარამია ("აღრიცხვისა და ანალიზის ძირითადი ასპექტები საქართველოს ტურისტულ საწარმოებში"); ასოც. პროფესორი ხათუნა ბერიშვილი ("საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებანი"); ბიზნესის მიმართულების I კურსის დოქტორანტი გივი ბაქრაძე ("სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ბორჯომის ხეობაში").
ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა ერთობლივად წარმოადგინეს. ექსპერტების აზრით, ტურიზმის სფეროს განვითარება ეკონომიკის სხვა მიმართულებებთან ერთად, კომპლექსურად უნდა განხორციელდეს. მეტი კომუნიკაცია და მიზნობრივი აუდიტორიის სწორად განსაზღვრა, ასეთია ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც კონფერენციაზე გაჟღერდა.
ქ. ბათუმში ტურიზმის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მე-2 წელია იმართება. სამეცნიერო ფორუმის მიზანი სიახლეების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ასევე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაა. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია წელს 3 ეტაპად დაიყო. პლენარული სხდომის დროს მონაწილეებს დელეგატები მიესალმნენ და მოხსენებები წარმოადგინეს, შემდეგ კი სექციური მუშაობა 7 ჯგუფში ჩატარდა. პირველი სამუშაო დღე კონფერენციის მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში შეაჯამეს, სადაც სექციის ხელმძღვანელთა მიერ დასახელდა რამოდენიმე საუკეთესო მოხსენება, მათ შორის ნაზი გვარამიას სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შეეხებოდა აღრიცხვისა და ანალიზის ძირითად ასპექტებს საქართველოს ტურისტულ საწარმოებში.
ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა-ეს კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. წლევანდელი შეკრების სიახლე ღვინის ტური და ხალხური შემოქმედების გაცნობა იყო. ახალი აგროტურის პრეზენტაცია კონფერენციის ფარგლებში მე-2 დღეს გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა დაათვალიერეს აჭარის მაღალმთიანეთი, აჭარისწყლის ხეობის ღირშესანიშნაობები: მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის თაღოვანი ხიდები, ღვინის ტურის ფარგლებში მოინახულეს შერვაშიძეების საგვარეულო მარანი, სადაც დააგემოვნეს ქედის რაიონში წარმოებული უნიკალური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოები: "ქედის ცოლიკოური", "ჩხავერი" და "ოჯალეში", რის შემდეგაც გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა დისკუსია.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მიზანს ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რაც ცხადია სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, საქმიან წრეებთან ურთიერთობას ეფუძნება და სწავლების პროცესში მოწინავე პროფესორ-მასწავლებელების, პროფესიონალი პრაქტიკოსებისა და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობას გულისხმობს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე საფუძველი ჩაეყარა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გეგმებს და დაისახა მათი პრაქტიკული რეალიზაციის პერსპექტივები.