ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

რევაზ აბსავას ხსოვნის საღამო

 

2017 წლის 9 თებერვალს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელთა ინიციატივით, გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, რევაზ(რეზო) აბსავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
პროფესორი რევაზ აბსავა წლების განმავლობაში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. ყველასათვის საყვარელი პროფესორი და ადამიანი.
საღამოს ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორები და თანამშრომლები, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეული სტუმრები, მეგობრები და ოჯახის წევრები.
მისასალმებელი სიტყვით საღამო გახსნა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, თემურ ჩილაჩავამ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ბატონი რეზოს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის დამსახურებაზე, როგორც მეცნიერზე, პედაგოგზე და ადამიანზე, რომელსაც უყვარდა და ზრუნავდა ოჯახზე, მეგობრებზე, კოლექტივზე და მშობლიურ სოხუმის უნივერსიტეტზე.
ბატონმა რეზომ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის სტაჟიორ-მკვლევარად 1983 წელს დაიწყო. მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია. სამეცნიერო სამუშაო 2 წლის მანძილზე გაგრძელდა, რომლის შედეგადაც ბატონმა რეზომ საკანდიდატო დისერტაცია წარმოადგინა, რომელიც წარმატებით დაიცვა მოსკოვში 1986 წელს. მან მალევე დაიწყო ფიქრი სადოქტორო დისერტაციაზე, რომელზედაც მუშაობა დაამთავრა 2003 წელს, დაინიშნა დაცვის თარიღი, მაგრამ სამწუხაროდ, დაცვამდე ცოტა ხნით ადრე, ბატონი რეზო გარდაიცვალა. სადოქტორო საბჭოს ხელმძღვანელის, აკადემიკოს ხარატიშვილის მოთხოვნით მოხდა ნაშრომის დაცვა, რომლის მომხსენებელიც იყო ბატონი რეზოს კონსულტანტი, აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია და გარდაცვალების შემდეგ ბატონ რევაზ აბსავას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. საქართველოში ეს იყო მეორე პრეცედენტი, მაგრამ ერთადერთი მათემატიკოსი, როდესაც მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი ნაშრომის დაცვა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭება.
ბატონი რეზო თბილად გაიხსენეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო თოფურიძემ, რომელიც ამავე დროს ბატონი რეზოს სტუდენტიც იყო, აკადემიკოსმა ელიზბარ ნადარაიამ, თანამშრომლებმა, მეგობრებმა და სამეცნიერო წრეებიდან მოწვეულმა სტუმრებმა. მრავალი ლამაზი სიტყვა ითქვა ბატონ რეზოზე, მისი შრომების შესახებ და რაც მთავარია, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი და ძნელად მოიპოვება ვინმე, ვინც ძვირს იტყვის მის შესახებ.
მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნუგზარ კერესელიძემ წარმოადგინა ვიდეო ფოტოკოლაჟით: „რეზო აბსავას იუბილე - 50 წლისთავი - მასთან ერთად; რეზოს 65 წლისთავი - მის გარეშე, მისი ხსნოვნისადმი მიძღვინილი სამეცნიერო კონფერენცია 2012 წელს."
-„მადლობა მინდა გადავუხადო მთელს კოლექტივს, ფაკულტეტს, უნივერსიტეტს,მეგობრებს. მე დღეს ამაყი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად და რეზოს დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მეორე ადგილზე გადადის, რადგან მე ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე დაფასებულია თავისი კოლექტივის, მეცნიერების, მეგობრებისგან."- ბრძანა ბატონი რეზო აბსავას მეუღლემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ციალა ძიძიგურმა.