სიახლეები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უკრაინის უნივერსიტეტების მორიგი თანამშრომლობა

2024 წლის 10 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა თანაორგანიზატორის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ერთობლივ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე: „კულტურათა დიალოგი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ტექნოლოგიებისა და დიზაინის კიევის ნაციონალური სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთანაც ცოტა ხნის წინ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.


საერთაშორისო კონფერენციაზე უცხოეთის (უკრაინა, პოლონეთი, ირლანდია, თურქეთი, გერმანია, აშშ, აზერბაიჯანი და სხვ.) სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული (დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო მაშია, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი დარიკო ფიფია) და აკადემიური პერსონალი (ასოცირებული პროფესორები: მაია მარღანია, მანანა შელია, ქეთო გალობერი, ირინა ყრუაშვილი, ნოდარ ბერულავა და მოწვეული ლექტორი ზოია ადამია). მათ წარმოადგინეს საკონფერენციო მასალები და თეზისები.

პლენარულ სხდომაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭარავა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს უკრაინულ მხარეს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების, თანაორგანიზატორობისა და თანამშრომლობისთვის, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი, საომარი მდგომარეობისა. იმედი გამოთქვეს, რომ, მემორანდუმის ფარგლებში, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ორმხრივი ღონისძიების ჩატარების კუთხით.

პლენარულ სხდომაზე მოხსენება თემაზე „ბიზნეს ინგლისურის ცოდნის მნიშვნელობა კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გასაადვილებლად“ წაიკითხა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დიანა მიქელაძემ.

ფოტო გალერეა