სიახლეები

ქართულ-ბულგარული შემოქმედებითი საღამო

2024 წლის 19 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში (ბულგარული დარბაზი) გაიმართა შეხვედრა საპატიო ბულგარელ სტუმართან, ახალი ბულგარული უნივერსიტეტის (სოფია) რექტორ, პროფესორ, პოეტ, დრამატურგ და ლიტერატურის მკვლევარ, ბატონ პლამენ დოინოვთან.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი ვესელინ ვალკანოვი, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ლუბა ბიბილეიშვილი, სსუ სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები.

 

შეხვედრას უძღვებოდა სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომელმაც დამსწრეთ წარუდგინა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი მეგობარი, ბატონი პლამენ დოინოვი, ისაუბრა ქართულ-ბულგარულ ურთიერთობებზე, ახალ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც მოცულობითი და საინტერესო ქართულ-ბულგარული ალბომი მზადდება.

 

მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარელ სტუმრებს მობრძანებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბულგარეთი ყველა პლატფორმაზე იჩენს საქართველოს მიმართ. ისაუბრა რა ქართულ-ბულგარულ მრავალსაუკუნოვან კულტურულ ურთიერთობებზე, რექტორმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ის კი არ არის, რაც გაქვს, არამედ ის, ვინც გყავს. ჩვენს მეგობრობასა და კავშირებს მყარი საფუძველი აქვს და დროთა ვითარებაში ის კიდევ უფრო გაღრმავდება, გაგრძელდება ასევე ის კულტურული და საგანმანათლებლო პროექტები, რომლებზეც ქართული და ბულგარული უნივერსიტეტები ერთობლივად მუშაობენ - დასძინა რექტორმა.

 

პროფესორმა ნუნუ მიცკევიჩმა ისაუბრა განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც ცენტრი აძლევს სტუდენტებს სწავლა გააგრძელონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის უნივერსიტეტებში, მათ შორის, ბულგარეთში და ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა ბულგარელ სტუმრებს.

 

ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, თითქოს მისი ნაწილი ვარ, - აღნიშნა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა ვესელინ ვალკანოვმა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მეგობრობისა და იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის, რომლებსაც ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი ხშირად ატარებს.

 

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ლიტერატურულ კავშირებზე და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უახლოეს პერიოდში ამ ურთიერთობებს ახალი სახელები და იმპულსები შეემატა.

 

განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ლუბა ბიბილეიშვილმა ხაზი გაუსვა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორის სამეცნიერო მიღწევებს, რის გამოც საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ის ერთხმად აირჩია საპატიო უცხოელ წევრად. წევრობის დამადასტურებელი დიპლომი პლამენ დოინოვს სსუ-ის რექტორმა, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ხონელიძემ გადასცა.

 

ღონისძიების დასასრულს, ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორმა პლამენ დოინოვმა და სსუ-ის საგამომცემლო ჯგუფის უფროსმა, პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პოეტმა რობერტ მესხმა წაიკითხეს რამდენიმე ლექსი პოეტური კრებულიდან - „თავისუფლების ხიდი“. ამ წიგნის პრეზენტაცია პირველად ახალ ბულგარულ უნივერსიტეტში (სოფია) გაიმართა 2022 წლის ოქტომბერში, როცა სსუ-ის წარმომადგენლობით დელეგაციას ბულგარელებმა უმასპინძლეს.

  

რობერტ მესხის მიერ თარგმნილმა პლამენ დოინოვის ლექსებმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. პლამენ დოინოვმა მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს, სსუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გულთბილი მიღებისა და ქართულ-ბულგარული ურთიერთობებისადმი გამოვლენილი ინტერესისა და ამ ურთიერთობათა გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ფოტო გალერეა