სიახლეები

რექტორ ზურაბ ხონელიძის მნიშვნელოვანი ვიზიტი ვატიკანსა და იტალიაში

ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორის პროფესორ მატეო ლორიტოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის მკვლევრის, იტალიურ-ქართული განათლების ცენტრ Minerva-ს პრეზიდენტის, გენერალ ჯოვანი ჯაკომანტონიოს მიწვევით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანსა და იტალიის რესპუბლიკაში, სადაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრები ვატიკანში, რომსა და ნეაპოლში.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებს ესწრებიან იტალიის რესპუბლიკის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრი, ქალბატონი ანა-მარია ბერნინი და ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, ბატონი რომანო პროდი (1996-1998 და 2006-2008 წლებში იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და 1999-2004 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტი).

შეხვედრაზე მინისტრმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და სწორი გეოპოლიტიკური პოზიციონირებისადმი. ქალბატონი ბერნინის თქმით, ის ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს და, დარწმუნებულია, რომ იტალიის სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება სსუ-ს იდეა-პროექტის – ეროვნული, რეგიონული და გლობალური მშვიდობისათვის – რეალიზაცია-განხორციელებაში. იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრი თვლის, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა და მის სარგებელს იგრძნობს ცივილიზებული სამყარო. საუბარია იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც აჩენს საქართველო, ეს არის მშვიდობის ქართული პარადიგმა, უნივერსიტეტის ახალი მისია, საერთაშორისო ურთიერთობის ახალი ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, რომლის რეალიზაცია გაზრდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსს და ხელს შეუწყობს მის რეალურ საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციას.

ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, დამსწრე აუდიტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა რექტორ ზ. ხონელიძის იდეისადმი და ძალიან დაინტერესდნენ სამშვიდობო განათლების ცენტრის საქმიანობით, მოსალოდნელი ცვლილებებით ცენტრთან დაკავშირებით.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბატონი რომანო პროდისთან, რომელმაც გამოხატა ძალიან დიდი ინტერესი და კმაყოფილება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გაცნობითა და შეხვედრით. ცნობილი იტალიელი პოლიტიკოსის თქმით, ის ხელს შეუწყობს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მაგალითია მშვიდობის უზრუნველყოფისა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება რექტორთა კონფერენცია, სადაც  მონაწილეობას მიიღებს ევროპის 74 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 6 მსხვილი კერძო უნივერსიტეტი სამშვიდობო განათლების მიმართულებით.

რექტორი ზურაბ ხონელიძე რამდენიმე საჯარო გამოსვლით წარსდგა აუდიტორიის წინაშე, რამაც გამოიწვია დიდი ინტერესი. ამ კონტექსტში უნიკალურია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იდეა-პროექტი: ეროვნული, რეგიონული და გლობალური მშვიდობისთვის, რამაც წარმოაჩინა ქართული სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ახალი პარადიგმა.

შეხვედრებისას დაიგეგმა არაერთი საინტერესო ღონისძიება იმ პირებისა და ინსტიტუციების მონაწილეობით, რომელთაც გამოთქვეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და მასთან ერთად ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის სურვილი.

ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ამა წლის 3-5 აპრილს ესტუმრება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული ღონისძიებები გამოხატავს იტალიის მხარდაჭერას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირების მიმართ.

ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დესპანმა ევროპაში, პროფესორმა მატეო ლორიტომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს უსახსოვრა ფედერიკო II-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 800 წლის იუბილესადმი დამზადებული სამახსოვრო მონეტა. როგორც აღინიშნა, დამზადდა მხოლოდ 12 ეგზემპლარი და მათგან იმთავითვე ერთი ცალი პროფესორ ზურაბ ხონელიძისთვის იყო გათვალისწინებული იმ საქმიანობისათვის, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ეწევა სამშვიდობო განათლებისა და ქართულ-იტალიური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობების განმტკიცებისათვის.

ფოტო გალერეა