სიახლეები

სემინარი „მსოფლიოს საერთო მომავლის საზოგადოების მშენებლობისა და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა“

2024 წ. 29 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ ერთობლივად ორგანიზებული სემინარი „მსოფლიოს საერთო მომავლის საზოგადოების მშენებლობისა და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა“.

 

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ისე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში, ვინაიდან აღნიშნული სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის აქტიური მუშაობით და მის მიერ ინიცირებული „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეის წარდგენით ჩინელი დიპლომატებისათვის, რამაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია და გაზიარებულიც კი იქნა.

 

სემინარი გახსნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ბატონმა ჭოუ ციენმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

მაქვს პატივი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიისა და პირადად ჩემი სახელით მოგესალმოთ და დაგიდასტუროთ გულწრფელი პატივისცემა კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. განსაკუთრებული პატივისცემა თქვენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს. თქვენი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ ნათლად ჩანს იმ ურთიერთობებში, რომელიც უკვე ჩამოგვიყალიბდა და იმედი გვაქვს, სამომავლოდ განვითარებას ჰპოვებს. დიდი განმანათლებლები გვასწავლიან, ყველასათვის ხელმისაწვდომად გახდომა არა არის ჭეშმარიტების ხვედრი, ჭეშმარიტებას მხოლოდ მცირედნი, მაგრამ რჩეულნი ეზიარებიან. დღევანდელ შეხვედრას – სემინარს – გლობალური საზოგადოების საერთო მომავლის შენებას,  სწორედ მსგავს კონტექსტში აღვიქვამ და ვუსურვებ მას ნაყოფიერ საქმიანობასა და წარმატებას, – აღნიშნა მისალმებისას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

სემინარს ესწრებოდნენ ჩინელი დიპლომატები და მეცნიერები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა ქართული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. ფორუმს უძღვებოდა ჩსრ-ში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი დავით აფციაური.

 

სემინარზე მკვლევრებმა (ლ. გერაძე, გ. ცაავა, ქ. ხუციშვილი, გ. მარხულია, ვ. მაისაია) წარმოადგინეს აქტუალური მოხსენებები ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიიდან და თანამედროვე პერსპექტივიდან.

 

ფორუმის მუშაობა შეაჯამა სსუ-ის რექტორმა:

 

– დღევანდელმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ სემინარის მონაწილეთ გაცნობიერებული გაქვთ სამყაროში მიმდინარე  რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე, ძირითადად მაინც მსოფლმხედველობითი ხასიათის პრობლემები, რაც აჩენს ფილოსოფიური ცვლილებების, ღრმა სტრატეგიული აზროვნების აუცილებლობას, გამყარებულს ინტელექტუალური არგუმენტებით.  სწორედ მსგავსი მიდგომა წარმოშობს ინტელექტუალურ ნდობას რეალური ღირებულებებისადმი და შესაბამისად, ამ ღირებულებების მატარებელ  ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც დგას ცივილიზებული სამყარო. ეს არის: თავისუფლება, სამართალი და სიყვარული, რაც გვაერთიანებს 5000-წლოვან უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ჩინელ და  ქართველ ერს, რომელთაც, კონკრეტულ-ისტორიულ ვითარებაში, აქვთ სურვილი – თავისუფალი ნებითა და შემოქმედებითი  მიდგომით შექმნან გლობალური საზოგადოების საერთო მომავალი, რასაც, როგორც ჩემი ქვეყნის შვილი, ქართველი მივესალმები. აქვე შეგახსენებთ ჩინურ და ქართულ ანდაზა-სიბრძნეებს: „სიამოვნების მომგვრელია შორიდან ჩამოსული მეგობრები, ხოლო ყველაზე გამორჩეულნი ჩვენთან სახლში მოდიან და ყველას გვაბედნიერებენ“. ამავე კონტექსტში იკითხება ქართული ხალხური სიბრძნე „სტუმარი უფლის საჩუქარია“. მაშ, ჩვენც გელოდებით, როგორც შორიდან ჩამოსულ გამორჩეულ მეგობრებს, რათა ჩვენს პატარა ოჯახში – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიმასპინძლოთ და როგორც ჩვენი წინაპარი იტყოდა, გითხრათ: „სტუმარი ღვთისაა“. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის, ჩინეთისა და საქართველოს მფარველი, ხელი მოგვიმართოს ჩვენს სახელმწიფოებრივ მსახურებასა და ყველა კეთილ საქმეში“.

ფოტო გალერეა