სიახლეები

სტუდენტთა მორიგი ნაკადი დაემშვიდობა ალმა-მატერს

2024 წლის 23 ივლისს, მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ სტუდენტთა მორიგი ნაკადის გამოსაშვები საღამო გაიმართა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრებსა და მაგისტრებს სწავლის დასრულება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას თანამედროვე კონკურენტუნარიან გარემოში და კურსდამთავრებულებს მოუწოდა მათი ალმა-მატერით სიამაყისაკენ:

 

„თქვენ არ იყავით მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარია. ამასთან ერთად, ის ხიდია, რომელიც ენგურსგაღმა და ენგურსგამოღმა საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს და ჩვენს სამშობლოს ხელახლა შეკრავს ერთ განუყოფელ სხეულად. გერქვას „სოხუმის უნივერსიტეტელი“ ეს უკვე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად ატარებს „სოხუმელის“ საპატიო სახელს“, – აღნიშნა რექტორმა.

 

სტუდენტებს ასევე გზა დაულოცეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ, ერთიანი საგამოცდო ცენტრის უფროსმა ლალი დავითაიამ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კონსტანტინე ჩალაძემ.

 

ცერემონიალი დასრულდა ქუდები აყრის ტრადიციითა და საზეიმო ტორტის გაჭრით.

 

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

ბედნიერი ცხოვრებისეული გზა, „სოხუმელებო“!

ფოტო გალერეა