სიახლეები

„რბილი უნარების ლაბორატორიის“ გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2024 წლის 20 დეკემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „რბილი უნარების ლაბორატორია“ გაიხსნა. ERASMUS+ პროექტი - „სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რბილი უნარების განვითარება 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე“, 2024 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

შესავალი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას  მიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მარინე ტურავამ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს სწავლების პერიოდში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ გააცნო პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს  უნივერსიტეტის  მისია, რომლის მთავარ ბურჯს საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციური იდეა წარმოადგენს, რომელიც ფართოდაა აღიარებული აშშ-ის, ევროპისა და აზიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მიერ. აგრეთვე შეეხო გლობალურ პროცესებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა, პროექტის კოორდინატორმა, პროფ. ინდირა ძაგანიამ ისაუბრა პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე. მიზანია - საქართველოსა და სომხეთში განათლების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების კარიერული პერსპექტივის გაუმჯობესება და 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მიხედვით რბილი უნარების განვითარება.

რბილი უნარები არ არის დაკავშირებული რომელიმე ერთ დარგთან ან დისციპლინასთან, ის აუცილებელია ნებისმიერ პროფესიაში, გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესრულებას ისახავს მიზნად. ეს უნარები გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემის მოგვარებას, საჯარო გამოსვლას, გუნდურ მუშაობას, ციფრულ წიგნიერებას, კომუნიკაციის უნარს, ხელმძღვანელობას.

რბილი უნარები პროფესიონალიზმისა და ეთიკის ცნებებსაც მოიცავს. არაა საკმარისი ვიყოთ კომპეტენტურები ჩვენს სფეროში, აუცილებელია წარმატებით ვახერხებდეთ სხვებთან ერთად მუშაობას.

პროექტის კოორდინატორია ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), პარტნიორები - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია; სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია); ლაპენრანტა-ლაჰტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ფინეთი); გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი); დუნ ლაოჰაირის ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ირლანდია); სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ორგანიზაცია (სომხეთი); სომხური პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფონდი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველო); გიუმრის „ახალგაზრდული საინიციატივო ცენტრი“ - არასამთავრობო ორგანიზაცია; ვანაძორის მუნიციპალიტეტი; ახალგაზრდა ისტორიკოსთა ასოციაცია (სომხეთი); საორსა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (საქართველო); საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.

ფოტო გალერეა