სიახლეები

„სინათლის მხარეს“

2025 წლის 22 მარტს, საქართველოს მწერალთა სახლმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. 

ღონისძიების „სინათლის მხარეს“ორგანიზატორი იყო სსუ-ის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, მხატვარი ივანე კეზუა.

სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო გახსნა და მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც აღნიშნა:

- საქართველო არის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ქვეყანა. ამის ნათელი მაგალითია დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნახატების გამოფენა და მათი პოეზია, რომლითაც ისინი საკუთარ აზრებსა და ემოციებს გვიზიარებენ. საქართველოს მწერალთა სახლში დღეს წარმოდგენილია მხატვართა და პოეტთა სამი თაობა, რომელთა შორის კავშირს სწორედ ხელოვნება ამყარებს. იცვლება ეპოქები, იცვლება ხედვა, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის  რჩება სულის საკვებად. ჩვენს ახალგაზრდებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ, რომ ისინი ყოველთვის ყოფილიყვნენ სინათლის მხარეს.

შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი, ედიშერ ფუტკარაძე.

შემოქმედებითი საღამო „სინათლის მხარეს“ ძალზე ლამაზად და საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ქართველი პოეტები და მხატვრები, რომლებმაც ახალგაზრდა ხელოვან „სოხუმელებს“ გზა დაულოცეს შემოქმედებით ასპარეზზე. დამწყები „სოხუმელი“ პოეტების შემდეგ, საკუთარი ლექსები წაიკითხეს და გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა თაობის  ქართველმა პოეტებმა. მხატვრებმა კი ახალგაზრდებს მისცეს საჭირო რჩევები.

ამ ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის, სტუდენტების სახელით,  მადლობა გვინდა გადავუხადოთ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვარ ივანე კეზუას.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, რომელიც ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების სასწავლო, შემოქმედებით თუ შემეცნებით აქტივობებს. 

ფოტო გალერეა