საინფორმაციო შეხვედრა - საქართველო და ევროკავშირი: თანამშრომლობის შესაძლებლობები

2022 წლის 27 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „საქართველო-ევროკავშირი: თანამშრომლობის შესაძლებლობები“, ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სსუ-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და შემდეგ კი მოხსენებით „საქართველოს ევროპული პერსპექტივა: უნივერსიტეტის ახალი მისია“ წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. რექტორმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ პოტენციალური შესაძლებლობების გამოვლენის აუცილებლობას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციითაა განპირობებული და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია სწორედ ჟან მონეს მოდული. პროფესორმა ლია ახალაძემ, სსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ჟან მონეს მოდულის მნიშვნელობაზე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების საქმეში. ERASMUS+ პროგრამა და უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარე პროექტები სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ. რამდენიმე ჟან მონეს მოდულის კოორდინატორებმა და ჟან მონეს სხვა აქტივობებში მონაწილე პროფესორებმა ეკა ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ (კავკასიის უნივერსიტეტი) მიულოცეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჟან მონეს მოდულის მოპოვება, უსურვეს მისი წარმატებული რეალიზაცია და ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა, მიზნებსა და ამოცანებზე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ (ონლაინ) - ტროჩიკოვსკი ტადეუშ, პროფესორი, კუიავის უმაღლესი სკოლის რექტორის მ/შ ვლოცლავეკში, ევროპული სტარტაპ ინსტიტუტის დირექტორი (პოლონეთი), პროექტში მონაწილეები - ნინა დიდენკო, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, შუპიკის ჯანდაცვის ნაციონალური უნივერსიტეტი (კიევი, უკრაინა) და ჟანეტა სიმანავიჩაინე, პროფესორი, მდგრადი ლაბორატორიის დირექტორი, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ვილნიუსი, ლიტვა). ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, ღონისძიებაზე წარადგინა ჟან მონეს მოდულის სამწლიანი პროექტის მიზანი, მიზნობრივი ჯგუფები, ამოცანები, ძირითადი აქტივობები და შედეგები, ასევე საზაფხულო სკოლის თემატიკა და მასში მონაწილე პროფესორები და ექსპერტები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი სტუდენტებს და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს დასკვნითი სიტყვით წარსდგა სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროექტის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე

დღის წესრიგი

პრეზენტაცია