ჟან მონეს აუდიტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2023 წლის 22 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს აუდიტორია გაიხსნა - აუდიტორია საზეიმო ვითარებაში გახსნეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და უნგრეთის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრის Mathias Corvinus Collegium (MCC)-ს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა როდრიგო ბალესტერ ესკივიასმა, რომელიც შემდგომ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე წარსდგა საჯარო ლექციით თემაზე „საქართველოს ევროპული პერსპექტივა: როგორ უყურებს ევროკავშირი საკუთარ გაფართოებას?“
აღსანიშნავია, რომ „ჟან მონეს აუდიტორია“ უნივერსიტეტში მოეწყო ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH) (მენეჯერი - პროფესორი ლარისა თაკალანძე); მოდულის ძირითადი მიზანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული სწავლების განვითარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში. როდრიგო ბალესტერ ესკივიასი გაეცნო მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოდან (EACEA) მიღებულ ჯილდოს და თანმხლებ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი დანიშნულებაა ევროპული ინტეგრაციის კვლევების ხარისხისა და მიღწევების წარმოჩენა და ევროპული საკითხების შესწავლის საქმეში შეტანილი წვლილის აღიარება (იხ.
დანართი 1). ბატონმა როდრიგო ბალესტერმა მიულოცა უნივერსიტეტს და უსურვა მას შემდგომი წარმატებები აღნიშნული მიმართულებით.
ჟან მონეს აუდიტორიის გახსნას ესწრებოდნენ სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნ. თოფურიძე, მმართველობითი და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში; იგი გაიხსნა 1989 წელს და სახელწოდება მიიღო ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის ჟან მონეს (Jean Monnet), ევროკავშირის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ პატივსაცემად. ჟან მონეს მოდულის მენეჯერი, პროფესორი ლ. თაკალანძე გულითად მადლობას უხდის სსუ-ის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძესა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო თოფურიძეს ჟან მონეს აუდიტორიის გახსნის ორგანიზებისთვის.