გეოგრაფ-სტუდენტთა საველე პრაქტიკა

2024 წლის 24 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მიდამოებში ჩატარდა გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საველე-პროფესიული პრაქტიკა ამავე სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტებთან. საველე პრაქტიკა გაიარა ცხრა სტუდენტმა.

 

საველე პრაქტიკის მსვლელობისას, რაჭაში სტუდენტები გაეცნენ რეგიონის გეოგრაფიულ თავისებურებებს, კერძოდ:

1. მდინარეებისა და ხეობების რელიეფური ნიშნების აღქმა, მათი ელემენტების მორფომეტრიული ნიშნების გაზომვები, მორფოგრაფიული თავისებურებების გაცნობა; 2. მეწყრული და სხვა თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების – კლდეზვავების, დენუდაციური შთენილების, გამოზიდვის კონუსების ფიქსაცია და აღწერა; 3. შოვის მიდამოების სელური ღვარის კატასტროფული მოქმედების ინდიკაცია, მათი მიზეზების ახსნა-განმარტებების გაცნობა, ღვარცოფის დეტალური შედეგების სამეურნეო შეფასება; 4. ნამახვანის ჰეს-ის შესაძლო მშენებლობის ნეგატიური შედეგების გაცნობა, რომელიც ამჟამად შეჩერებულია; 5. შაორის წყალსაცავის მნიშვნელობისა და გამოყენების თავისებურებების გაცნობა; 6. კულტურული ფენომენის – ნიკორწმინდის საეკლესიო კომპლექსის დათვალიერება.

 

საველე-პროფესიული პრაქტიკის მსვლელობისას განხორციელდა შემდეგი მარშრუტები:

 

ახალსოფელი – უწერა – შოვი – ღები (24 ივნისი);

ახალსოფელი – მდ. კრიხულას ხეობა და სათავის მიდამოები (25 ივნისი);

ახალსოფელი – მდ. რიონის ზედა წელის ხეობა და ნამახვანის მიდამოები (26 ივნისი);

ახალსოფელი – მრავალძალი – შქმერი – ბარაკონი (27 ივნისი);

ახალსოფელი – ნიკორწმინდა – შაორის წყალსაცავი – ოკრიბა (28 ივნისი).