სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო და პრაქტიკული
ურთიერთობები აქვს საქართველოს სხვადასხვა
კუთხის საჯარო სკოლებთან. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების
პროცესში (ტრენინგები, რეგიონებში საკლასო დაკვირვება, მოსწავლეთა კლასგარეშე აქტივობების
განხორციელება და ა.შ.) ეს ურთიერთობები გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე
ავიდა. უნივერსიტეტისთვის ასევე პრიორიტეტულია საქართველოს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების
ამაღლება აფხაზეთის ისტორიის, კულტურის ძეგლების, ეთნოგრაფიის, აფხაზეთის ომის საკითხებთან
დაკავშირებით. ამ მხრივ, აკადემიური პერსონალი აქტიურადაა ჩართული საჯარო ლექციების, სემინარებისა და ვორქშოპების
ციკლში, რომელიც სხვადასხვა სკოლებში ტარდება. ამჯერად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ქ. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და ისტორიის პედაგოგი, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული
ქალბატონი თამარ გელაშვილი ეწვივნენ.
პატარა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ფოიე, სადაც საქართველოს რუკის კონტექსტში აფხაზეთი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული თემებია წარმოდგენილი. მოინახულეს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფრაქტუქტურა: ინტერაქტიული დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, წიგნადი ფონდი, ფერწერის აუდიტორია, ბავშვთა უფლებების ცენტრი და სხვა.
სტუმრებს მეგზურობას უწევდა სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოც. პროფ. ლია ახალაძე, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანა ახალაია და ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების მთავარი სპეციალისტი ნუნუ თოლორდავა. პროფ. ლია ახალაძემ მოსწავლეებს ორი პრეზენტაცია წარუდგინა, რომლითაც გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების მოკლე ისტორია, ახლანდელი სტრუქტურა, ფაკულტეტები, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო კონტაქტები. ბუნებრივია, მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა, პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმების და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებმა, სამეცნიერო და საერთაშორისო მობილობის საკითხებმა.
მეორე პრეზენტაციაში მოკლედ იქნა განხილული აფხაზეთის ომის ამბები, აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, საერო და საეკლესიო არქიტექტურა, წერილობითი კულტურის ძეგლები: ხელნაწერები, წარწერები, მონეტები და ა. შ. ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წერილობითი კულტურის ძეგლებმა ქართულმა ხელნაწერებმა და წარწერებმა, რომლებზეც საქართველოს მეფეთა, ადგილობრივ ერისთავთა, უმაღლეს საეკლესიო პირთა, მშენებელთა და უბრალო მლოცველთა ისტორიები იკითხება.
შეხვედრის დასარულს ისტორიის პედაგოგმა, ქალბატონმა თამარ გელაშვილმა მადლობა გადაუხადა მშობლიურ უნივერსიტეტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ემოციური იყო პატარების დამშვიდობებაც უნივერსიტეტთან: „არ გემშვიდობებით, ჩვენ აუცილებლად ერთად დავბრუნდებით სოხუმში“.
ნელი არახამია
სამეცნიერო კვლევებისა და
განვითარების დეპარტამეტი