შეხვედრა ჩინეთის საელჩოში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება ჭოუ ციენის მოწვევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ელჩის რეზიდენციაში ვახშამზე იმყოფებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: მისი აღმატებულება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დოქტორი ჭოუ ციენი; საელჩოს პირველი მდივანი ქალბატონი დან ვონგი; საელჩოს პირველი მდივანი, ბატონი ლიუ სიასონგი; საელჩოს ატაშე, ბატონი ჩენ ჩიბინი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: სსუ რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ლია ახალაძე; სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ლევან გერაძე; სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია; შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს თანამშრომლობაზე აკადემიურ სფეროში, იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც თანაშრომლობის საფუძველზე შეიძლება განვითარდეს და შეიძნოს პოზიტიური მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ კონტექსტში. განხილულ იქნა კონკრეტული ინიციატივა სამეცნიერო სემინარის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე სახელწოდებით: საერთო მომავლის გლობალური საზოგადოების მშენებლობა და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა“, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, კვევითი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მხარეები შეთანხმდნენ აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე. შეხვედრამ თბილ, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.