2024 წლის 14 ნოემბერს მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის
ფაკულტეტის პროფესორი, დოქტორი თომას
ჰიორენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს.
ღონისძიება გახსნა და უნივერსიტეტის სტუმარს
მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მან
დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა პროფესორი თ. ჰიორენი, გააცნო მისი სამეცნიერო ბიოგრაფია
და ისაუბრა გერმანელი პროფესორის დამსახურებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე.
– ჩვენს უნივერსიტეტში დღეს მნიშვნელოვანი
მოვლენაა: სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის წარდგინებით და აკადემიური საბჭოს
გადაწყვეტილებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ ოჯახს უერთდება ცნობილი გერმანელი
მკვლევარი, პროფესორი თომას ჰიორენი. ჩვენი ქვეყანა პროევროპული სახელმწიფოა, მაგრამ
ეს ზუსტ დეფინიციად არ მიმაჩნია. ჩვენ კი არ ვართ პროევროპული, საქართველო თავადაა
ევროპული ცივილიზაციის აკვანი, საფუძველი. ამიტომაც არა მარტო ჩვენ უნდა ვისწავლოთ
და პოზიტიური გამოცდილება მივიღოთ ევროპისგან, არამედ – ეს საპირისპირო მიმართულებითაც
უნდა ხდებოდეს და, რამდენადაც ვიცი, პროფესორი თ. ჰიორენი გვეთანხმება ჩვენს ამ სავსებით
სამართლიან ხედვაში. ასევე ვიცით, რომ ბატონ ჰიორენს გერმანიაში საქართველოსა და სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მის აკადემიურ პერსონალზე, პოტენციალზე პოზიტიური შეხედულებები
ჩააქვს. სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს შორის ამ თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას.
საქართველოს სურს და მზადაცაა ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუციების სრულფასოვანი
წევრი გახდეს, ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებში საამისოდ ყველაფერი კეთდება,
მაგრამ ეს ურთიერთობა ანალოგიური უნდა იყოს მეორე მხარისგანაც. ბატონო თომას, თქვენ
დღეს არა მხოლოდ ჩვენი საპატიო დოქტორი გახდებით, არამედ გვაქვს სურვილი, რომ გერმანიაში,
მიუნსტერის უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დესპანი გახდეთ, რათა გააცნოთ
გერმანელებს ჩვენი სასწავლებელი და საერთაშორისო ურთიერთობებში მის მიერ შემუშავებული
ინოვაციური იდეა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.
სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა,
პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ აღნიშნა, რომ პროფესორ თ. ჰიორენის უშუალო ჩართულობით,
ფაკულტეტის და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მუდმივად მდიდრდება უახლესი იურიდიული ლიტერატურით.
მისი თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და ახალი წიგნები სულ მოკლე ხანში ჩამოვა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა
საპატიო დოქტორმა, პროფესორმა თ. ჰიორენმა მადლობა გადაუხადა რექტორს, პროფესორ ზ.
ხონელიძეს, დეკანს, პროფესორ ვ. გვარამიასა და სსუ-ის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტს
ამ დაფასებისათვის. მისი თქმით, ის დიდი პატივით ატარებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორის წოდებას.
თ. ჰიორენს სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორად არჩევა მიულოცეს უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა დ. ჯალაღონიამ, დოქტორ ჰიორენის მეგობარმა, პროფესორმა ე. ფუტკარაძემ, აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ლ. გაბისონიამ, ეთიკის საბჭოს თავმჯდომარემ,
პროფესორმა გ. ალანიამ და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის თანამშრომლებმა.