საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

2024 წლის 15 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

საპასუხისმგებლოა, იყო მეცნიერი და პედაგოგი საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი, რომლის გარეშე მისი განვითარების მიმართულება ვერ იქნება აღმავალი. ეს ადამიანის აღზრდის, დაგროვილი ცოდნისა და განათლების უანგარო გადაცემის პროცესია, რომელიც დაფასებას საჭიროებს.

ამ პათოსით გახსნა შეხვედრა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ. მან თბილი სიტყვებით მიულოცა იუბილარებს, გამოხატა მადლიერება მათი საქმიანობისათვის ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

სამწუხაროდ, საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ვერ მოესწრო ინფორმატიკის მიმართულების ასისტენტ პროფესორი მზიანა ნაჭყებია, ვის ხსოვნასაც აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იუბილარებს მიულოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც აღნიშნა მათი დამსახურება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისათვის. რექტორმა იუბილარებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ღონისძიება ემსახურება მეცნიერების დაფასებასა და ახალგაზრდებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას.

სიტყვით გამოვიდნენ გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მელორ ალფენიძე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე. მათ მადლიერებით, წარმატებებისა და დღეგრძელობის სურვილით მიულოცეს იუბილარებს.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და ფაკულტეტის დეკანმა ნესტან კეკელიამ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს: ეკოლოგიის მიმართულების პროფესორ გულნარა ქარჩავას, მათემატიკის მიმართულების პროფესორ მზევინარ ფაცაციას, ბიოლოგიის მიმართულების პროფესორ ზაურ ლომთათიძეს, ქიმიის მიმართულების პროფესორ ზურაბ ფაჩულიას, მათემატიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორ შოთა ახალაიას, გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორებს რევაზ თოლორდავას და მერაბ გონგაძეს, მათემატიკის დოქტორ ლევან კირთაძეს, ბიოლოგიის დოქტორ ვაჟა თოდუას და მათემატიკის მიმართულების პედაგოგს მურმან კვეკვესკირს.

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელ ლეილა საბეკიას, რომელიც 50 წელიწადია ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის სამსახურშია, ასევე გადაეცა მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი.

სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ იუბილარები გულნარა ქარჩავა, ზაურ ლომთათიძე, მერაბ გონგაძე, რევაზ თოლორდავა, მზევინარ ფაცაცია.

ღონისძიების დასასრულს იუბილარებისათვის სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა.