თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი განათლების საკითხებში სოხუმის უნივერსიტეტს ეწვია

2024 წ. 18 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველს განათლების საკითხებში, ბატონ ერჯან გულსუიუს და სამრჩევლოს თანამშრომელს, ქალბატონ თამარ ქავთარაძეს.

 

მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობის მრავალ მიმართულებასა და მათი განვითარების შემდგომ გზებზე. ბატონმა ზურაბმა დიდი მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს საქართველოში სსუ-სადმი მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის გამო.

 

რექტორი თურქ დიპლომატს ესაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის შესახებ, რომლის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის (მათ შორის – თურქეთის) სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა. აღინიშნა, რომ ანკარაში მომავალი წლის თებერვალში გაიმართება სსუ რექტორის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ თურქულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.

 

ბატონმა ერჯანმა დიდი ინტერესი გამოხატა პლატფორმაში განათლებისა და უნივერსიტეტის როლის ახლებური გააზრებით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია როგორც რეგიონალური, ისე – გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პერსპექტივით.

 

თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი განათლების საკითხში დაინტერესდა სსუ-ში თურქოლოგიის მდგომარეობით. თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელის, ასოცირებულ პროფესორ კახა კვაშილავას თქმით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მუშაობს „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის რეაკრედიტაციისთვის, რაც ძალიან მალე დასრულდება და უნივერსიტეტი ისევ მიიღებს სტუდენტებს ამ მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და განათლების სამრჩევლოს, თურქეთის საისტორიო საზოგადოებას, თურქული ენის საზოგადოებას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA), იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის მიმართულების მხარდაჭერისათვის.


უახლოეს ხანში გამოცხადდება სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. 


დაიგეგმა მომავალი შეხვედრები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.