ჟან მონეს აქტივობები (EUPEACE და CSREU) გაზაფხულის სემესტრში, 2024-2025 სასწავლო წელი

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ერთდროულად სტარტი აიღო ორი ახალი სასწავლო კურსის სწავლებამ:

  -   „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“, რომლის იმპლემენტაცია განხორციელდა მიმდინარე წელს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის EUPEACE (ERASMUS-JMO-2024-HEI-TCH-RSCH –EUPEACE, პროექტი N101175481) ფარგლებში. კურსი სავალდებულოა პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალობის სტუდენტებისთვის და არჩევითია სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისათვის;

-  „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა  2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჟან მონეს მოდულის CSREU  (ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH-CSREU, პროექტი N101083295) ფარგლებში (აკადემიური ლიდერი - პროფესორი ლარისა თაკალანძე). სასწავლო კურსი სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის და არჩევითია უნივერსიტეტის სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისათვის.

        სასწავლო კურსის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ აკადემიური ლიდერია საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეის ავტორი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. პროექტი 3-წლიანია და მოქმედებს 2024-2027 წლებში. ჟან მონეს მოდული EUPEACE ითვალისწინებს ახალი სასწავლო კურსის შემოღებას ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სახელმძღვანელოს შემუშავებას და საზაფხულო სკოლას როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. მოდულის EUPEACE ძირითადი მიზანია მშვიდობის მშენებლობის შესახებ სწავლების განვითარება, მშვიდობის ქართული პარადიგმა და ამ სფეროში ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით.

ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ CSREU სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) არსი, ფორმები, ძირითადი ტენდენციები და პრობლემები; CSR ევროკავშირის პოლიტიკა; ჩამოუყალიბოს მათ შედარებითი ანალიზისა  და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ჟან მონეს მოდულის ბენეფიციარი 2022 წელს გახდა ჟან მონეს მოდულის CSREU მოპოვებით.  3-წლიანი პროექტის (2022-2025 წწ.) ფარგლებში 2024 წელს გამოიცა სახელმძღვანელო „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში” https://zenodo.org/records/10775964

განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი ცოდნის გენერირება, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი თაობის აღზრდა და სიახლეების მუდმივი ძიება -  ამ ღირებულებებზეა ორიენტირებული პროექტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და აქტივობა.

      ზოგადად, ჟან-მონეს აქტივობები უმაღლესი განათლების მიმართულებით ორიენტირებულია  ევროკავშირის შესახებ სწავლებასა და კვლევის გაუმჯობესებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას  - საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, მედიას და განათლების სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლებს შორის დიალოგის წახალისებაზე, მათ შორის ადგილობრივ, რეგიონალურ, სახელმწიფო და ევროკავშირის დონეზე. აღნიშნულის მიზანი კი, თავის მხრივ, არის ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სათანადო ცოდნის მიღება, ასევე, ევროკავშირის როლის გაძლიერება გლობალურ დონეზე, მათ შორის აკადემიისა და სპეციალიზებული ჯგუფების მიღმა, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის არსის საზოგადოებასთან უფრო ახლოს მიტანა. ”ჟან-მონე უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლება და კვლევა” ასევე, ემსახურება მესამე ქვეყნებში საჯარო დიპლომატიის მიზანასაც და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების გაზრდას და მის უფრო თვალსაჩინო წარმოჩენას (იხილეთ https://erasmus.org.ge/jean-monnet-2024-georgia/)

    ამრიგად, ჟან-მონეს აქტივობები (Jean Monnet Activities) ძირითადად ფოკუსირებულია უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული განზომილების ჩართულობაზე; იგი გაიხსნა 1989 წელს და თავისი სახელწოდება მიიღო ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის, ევროკავშირის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ პატივსაცემად. ამჟამად, პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს.  2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში.

   სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალშიც მიზანმიმართულად გაგრძელდება მუშაობა ჟან მონეს აქტივობებისა და სხვა პროექტების მოსაზიდად.