25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი დიდი წინაპრების მიერ დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბებული მეგობრული, მეზობლური, ნათესაური ურთიერთობა, 14-მა აგვისტომ გამიჯნა და აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა ტრაგიკული ომის ქრონიკების გახსენება გვიწევს.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. ამ ერთწლიანმა ომმა, როგორც ქართველების, ისე აფხაზთა მხარეს, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის და ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, სამასი ათასამდე ადამიანი კი დევნილად აქცია.
25 წლის თავზე, 14 აგვისტოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე და უნივერსიტეტის თანამშრომლები გმირთა მოედანზე, მემორიალურ დაფასთან იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს აფხაზეთის ტრაგიკულ ომში დაღუპულ გმირთა უკვდავ სულებს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.