-
თემები:
განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა
-
მასპინძელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მდებარეობა:
ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186
-
დაწყების თარიღი:
2017-09-21
-
დაწყების დრო:
15:00 საათი
-
გაზიარება:
- ამობეჭდვა
ლეონიდე ჯახაიას 85 წლის იუბილე
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს ლეონიდე ჯახაიასა და მის ოჯახის წევრებს უმასპინძლა.
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ცნობილ ფილოსოფოსს განსაკუთრებული ღვაწილისათვის სიგელი და სამასხოვრო საჩუქარი გადასცა.
ზურაბ ხონელიძე - რექტორი: „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია უნივერსიტეტში პირველ ღონისძიებად სწორედ თქვენთან შეხვედრა. მოხარულები ვართ და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. გადაწყდა, რომ უნივერსიტეტი ბატონი ლეონიდეს წიგნების კრებულს გამოსცემს და ახალი სასწავლო წლიდან მას ღია ლექციების წასაკითხად ვიწვევთ...“
გია გვაზავა - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - „ერთხელ ნიუტონს ჰკითხეს, არის თუ არა ის მამამისზე დიდი. „-კი, მამაზე დიდი ვარ!“ - დაუფიქრებლად გასცა პასუხი დიდმა მეცნიერმა, - „რადგან მე მის მხრებზე ვდგავარო“, იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ ლეონიდეზე, ის იყო ჩემი ლექტორი და მე ნამდვილად ვდგავარ მის მხრებზე...“
ოთარ ჟორდანია - ყოფილი რექტორი: „ბატონი ლეონიდე ჩემი ლექტორი იყო. როდესაც პირველად ლექციაზე შემოვიდა გვკითხა, ოთახში ორი ერთნაირი მაგიდა დგას, რითი განსხვავდება ერთმანეთისაგანო?! ჩვენ ვერ ვიპოვეთ განსხვავება, მან კი ჩვეული სიდინჯით აგვიხსნა, რომ ეს განსხვავება მათ ადგილმდებარეობაშია...“
ზურაბ პაპასკირი - პროფესორი: „ადამიანის რეალური არსი კრიზისულ ვითარებაში ვლინდება, მახსენდება ურთულესი პერიოდი ჩვენი უახლესი ისტორიიდან. ბატონი ლეონიდეს ნაბიჯები ყოველთვის იყო უალტერნატივო და გამომდინარეობდა სამშობლოს ინტერესებიდან. მის სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ფასი და მას ენდობოდა ყველა მხარე...“
ინდირა ძაგანია - პროფესორი: „25 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს ბატონი ლეონიდეს ოჯახთან და შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ბატონი ლეონიდე ასოცირდება თანამედროვე ტიპის მოაზროვნესთან...“
მარიამ მირესაშვილი - პროფესორი: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული - ამ შემთხევაში არა მხოლოდ ბატონ ლეონიდეს პიროვნებაზეა ნათქვამი, არამედ მთელ მის ოჯახზე. მეუღლე, ქალბატონი ოლღა პეტრიაშილი, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ, მისი ოჯახი ბატონი ლეონიდეს საქვეყნო საქმეების ღირსეული გამგრძელებელია. მახსოვს, ერთმა სტუდენტმა მითხრა, გამოცდა ერთი წიგნის წაკითხვით ჩავაბარე და რა ბედნიერებაა, რომ წაკითხულიდან ყველაფერი გავიგეო. ეს სწორედ ბატონი ლეონიდეს ნაშრომზე იყო ნათქვამი...“
ლარისა თაკალანძე - პროფესორი: „მართალია ბატონ ლეონიდეს პირადად არ ვიცნობდი და არც მისი სტუდენტი ვიყავი , თუმცა ის არის განსახიერება რაინდობისა და ინტელიგენტობის . მიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ხედავს ასეთი განსაკუთრებული პიროვნებების ღვაწლს“.
გიორგი ჯახაია - ლეონიდე ჯახაიას შვილი: „დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა, შემიძლია გითხრათ, რომ მამაზე ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი...“
შეხვედრაზე ბევრი ითქვა ბატონი ლეონიდეს ცხოვრებაზე, განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოს გადაღებით დასრულდა.