news

რექტორ ზურაბ ხონელიძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში


პროფესორ ზურაბ ხონელიძის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევის შემდგომ, პერმანენტულად, იზრდება ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის ცნობადობა როგორც რეგიონში, ასევე – მის ფარგლებს გარეთაც. ამჯერად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმა, მისმა მნიშვნელობამ როგორც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე კონფლიქტების (მათ შორის, კონფლიქტი აფხაზეთში) დარეგულირების პერსპექტივით, ოკეანის გაღმა გაიჟღერა.

2022 წლის 27 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სტუმრობის საფუძველი იყო სსუ-ს პარტნიორის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის (აშშ) ოფიციალური მიწვევა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ინოვაციურ კონცეფციასთან დაკავშირებით საჯარო ლექციების წასაკითხავად და მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ წარსადგენად.

ტაფტის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამერიკის დიპლომატთა „სამჭედლოდ“ ითვლება, იმთავითვე დიდი ინტერესით აკვირდება და შეისწავლის რექტორ ზ. ხონელიძის მეტად აქტუალურ იდეას. 

ამიტომ ტაფტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ იმთავითვე უმაღლესი შეფასება მისცეს: „ასეთი იდეები რამდენიმე საუკუნეში ერთხელ იბადება!“

 აშშ-ს სამეცნიერო-კვლევითი წრეებისათვის მეტად საინტერესოდ გამოჩნდა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა. ამიტომაც, მათთვის მეტად მიმზიდველი იყო უშუალოდ იმ ავტორთან შეხვედრა, რომელიც, გარდა აკადემიური ასპარეზისა, მეტად აქტიურია დიპლომატიურ ველზეც და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემუშავება-წარმართვაში თავისი წარუშლელი კვალი აქვს დატოვებული.

ფლეტჩერის სკოლა მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე კვლევითი და ანალიტიკური ცენტრია, რომლის დასკვნებს სანდოობა ეჭვმიუტანელია და მას ქვეყნის სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციები იყენებენ. მისი აკადემიური და პრაქტიკული მიზანსწრაფულობა სწორედაც რომ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ეხმიანება „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეას. ამიტომ სწორედ აქ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციის წარდგენა რიგითი მოვლენა ნამდვილად არ არის.

ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ანალიტიკური სკოლის მხარდაჭერის მოპოვებას, რაც ზრდის არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორთა რიგებს, არამედ – ზოგადად ქვეყანას, საქართველოს, უჩენს ახალ მხარდამჭერებს, მეგობრებს, რაც თავისთავად უკვე დიდი გარღვევა და წარმატებაა. საქართველო განიხილება როგორც სახელმწიფო პრობლემებით, აქ კი ის წარმოჩნდება როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და საერთაშორისო იდეების ინიციატორი.

პროფესორმა ზ. ხონელიძემ სკოლის აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი – „საუნივერსიტეტო დიპლომატია – მშვიდობის ქართული პარადიგმა“, სადაც ისაუბრა როგორც ამ კონცეფციის შექმნის იდეაზე, მიზნებზე, ასევე მისი განხორციელების პერსპექტივებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნების შიდა კონფლიქტური (მათ შორის – ეთნიკური თუ პოლიტიკური) პრობლემების მოგვარებას და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. ეს კი აშშ-ს უშუალო ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება. ლექციებისას ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული იდეით უკვე დაინტერესდნენ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის არაერთი სახელმწიფოები და უმაღლესი სასწავლებლები, სადაც, გარდა სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისა, სპეციალური სალექციო კურსებიც იქმნება:

 „მოგეხსენებათ, კოვიდ ვირუსის პანდემიამ, შემდგომ ომმა უკრაინაში, იდეოლოგიზებულმა პოლიტიკამ, გეოპოლიტიკაზე მიმდინარე გარდაქმნამ, რეგიონულმა დაქსელვამ, მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრად ქცევამ შეცვალა ცივილიზებული სამყაროსა და მათ შორის ჩვენი ქცევის წესი.

უნდა ვაღიაროთ, არ არსებობს მოვლენა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე. ფაქტია, ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის – განსაცდელსაც, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს. კრიზისი, ტრაგედია, ერის ქვეყნის ცხოვრებაში აჩენს განწმენდის წინსვლის შესაძლებლობას, კათარსისს, რაც, თავისთავად, საზოგადოების მარადიული განახლების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის, ვინც კრიზისს დაძლევს, იმარჯვებს საკუთარ თავზე, საკუთარი თავის დამარცხების გარეშე.

მოგეხსენებათ, არ არსებობს წარმატების უნივერსალური ფორმულა. არსებობს წარმატების აუცილებელი პირობა. არც შეუცნობელი დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი. აუცილებელია, დავადგინოთ ჩვენი ავადობის „რა გვჭირს?“, „რა სენით ვართ შეპყრობილნი?“ და მხოლოდ ამის შემდგომ ვუმკურნალოთ არა ავადმყოფობას, არამედ – ავადმყოფს. გამოსავალი, პოლიტიკური თამაშის წესების გათვალისწინებით, კი სწორედ ჩვენში- საკუთარ წარმოდგენებში და რეალობის შესაბამისობაში, საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი რეგულატორის: დამატებითი ინტერესისა და მსოფლიო მომწესრიგებელ ძალთა წონასწორობის დაცვით, არსებული მოცემულობის შეცვლაში უნდა ვეძებოთ.

მართალია, ყველასადმი ხელმისაწვდომად გახდომა არ არის ჭეშმარიტების ხვედრი, მას მხოლოდ მცირედნი, მაგრამ რჩეულნი, ეზიარებიან. თქვენ კი ის ადამიანები ბრძანდებით, რომელსაც ძალუძს არა მხოლოდ გაიაზროს ჭეშმარიტება, არამედ დაიცვას იგი. დამეთანხმებით, სამყაროში მიმდინარე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პრობლემები, ძირითადად მაინც მსოფლმხედველობითი ხასიათისაა, რომლის ანალიზი გვკარნახობს, რომ აუცილებელია, ღრმა სტრატეგიული აზროვნება, ფილოსოფიური ხასიათის ცვლილება, გამყარებული საღი ინტელექტუალური არგუმენტებით. ეს კი ადამიანებს დაუბრუნებს რწმენას ფუნდამენტური ღირებულებებისადმი, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ: თავისუფლება, სამართლიანობა, სიყვარული. ეს ერთგვარი ინტელექტუალური რწმენაა, რომელიც, თავის მხრივ, აჩენს ყველაზე მაღალი ხარისხის ინტელექტუალურ ნდობას ამ ღირებულებების მატარებელ ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის.

ყველა ერისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა არა რეფორმის (ფორმის შეცვლის), არამედ სწორი სტრატეგიული ამოცანისა და მისი სარეალიზაციო რესურსის მოძიებიდან გამომდინარე, ახალი გლობალური პროექტის შეთავაზება, ეროვნული რწმენის დაბრუნებას ნიშნავს. საქართველოს, რომლის ძალა მრავალფეროვნებაშია, ხოლო ეფექტურობა სივრცის გაფართოებაში მდგომარეობს, მსგავსი ისტორიული ჟამი დაუდგა და შეცდომა იქნებოდა ამ ბედისწერის ძალით ნაკარნახევი შანსის ხელიდან გაშვება.

აღნიშნულმა განცდამ, და არა გაქცევამ რეალური პრობლემებისგან მაიძულა, ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ შემექმნა ევროოპტიმიზმით გაჯერებული, არა მხოლოდ – ქართული, არამედ გლობალური პროექტი, გამომექვეყნებინა შრომები, მიმიყვანა სსუ-ში და გამომეცა მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც მულტიეთნიკური ქართული სახელმწიფოს მსახურების და ეროვნული ანუ ზოგადსაკაცობრიო იდეებით არის ნასაზრდოები.

ჩვენს კვლევაში ახსნილია არსებული მოცემულობის – დროებით გაყოფილი, პოლიტიკურად დასნეულებული და ზნეობრივად გასაჭირში მყოფი, ეროვნული სხეულის – საქართველოს – მდგომარეობა, რომლის ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა წარმოუდგენლად გვესახება ქვეყნის მულტიეთნიკური ქართული სახელმწიფოს ორგანული მთლიანობის აღდგენის გარეშე. აღნიშნული ერთიანობის უპირველეს ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგეს ქართულ-რუსული ურთიერთობის შედეგი – საქართველოში დღემდე მოუგვარებელი ე.წ. ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, აფხაზეთსა და ქართლის იმ ნაწილში, რომელსაც შეცდომით „სამხრეთ ოსეთს“ ვეძახით.

მართალია, ზოგადად კონფლიქტის დარეგულირების ორი გზა განიხილება – მშვიდობიანი და ძალისმიერი. თუმცა არც ერთი დადებითი ფაქტი, სამწუხაროდ, ამისა არ არსებობს. მიზეზი მარტივია – მსოფლიოში კონფლიქტის დარეგულირების არა თუ მექანიზმი, არამედ პოლიტიკა და კონცეპტუალური ხედვაც კი არ არსებობს. შეგახსენებთ თქვენი თანამემამულის ელეონორა რუზველტის სიტყვებს: „დიდი გონება განიხილავს იდეებს, საშუალო გონება განიხილავს მოვლენებს, პატარა გონება განიხილავს ადამიანებს“.

ნაშრომი შედგება ორი იდეა-პროექტისაგან:

I) საუნივერსიტეტო დიპლომატია.

განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულება – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა – ნათლად წარმოაჩენს, რომ: სამყაროში მშვიდობის სუვერენიტეტისა და ერთიანობის უპირველესი პრობლემის – კონფლიქტების – მოგვარების გზა არის მშვიდობიანი და გადის ჰუმანიზმზე დაფუძნებულ საყოველთაო ღირებულებზე: განათლებაზე, მის უმაღლეს მწვერვალზე – მეცნიერებაზე და საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ, მოტივირებულ და პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილზე – ახალგაზრდობაზე. ცხადია, სამივე კომპონენტი ერთად თავს იყრის და მშვიდობიანად თანაარსებობს მხოლოდ თავისუფალ საუნივერსიტეტო სივრცეში. თუმცა, სამწუხაროდ, თანამედროვე პირობებში უნივერსიტეტი, რომელსაც განგებამ, ძირითად საგანმანათლებლო ფუნქციებთან ერთად, სამშვიდობო პროცესის ინდიკატორის შესაძლებლობა მისცა, ბოლომდე არ აღმოჩნდა ადეკვატური დროსთან მიმართებაში, ვერ გააცნობიერა საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა, მეტიც საუნივერსიტეტო იდეა განიცდის კრიზისს.

მიდგომამ, უნივერსიტეტისგან მოითხოვა სამშვიდობო სტრატეგიის შეზღუდული პოლიტიკური ველის საუნივერსიტეტო რესურსით შევსებისა და საკუთარ ფუნქციას მორგებული ხარისხობრივად ახალი ცოდნის, ახალი მეცნიერების და ახალი სიცოცხლის წარმოქმნა.

სიცოცხლის წყაროდ, ბუნების კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობიდან გამომდინარე, შეიძლება იქცეს არა ერთი, არამედ მხოლოდ ორი სუბიექტი „დაწყვილებით“, რამაც უნივერსიტეტისგან არასაუნივერსიტეტო რესურსის სახით, მეორე აუცილებელი, მასთან თავსებადი, მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათის, მაღალი ნდობისა და რეპუტაციის მატარებელი სუბიექტის – დიპლომატიის (რომელიც დამოუკიდებლად ასევე ვერ პასუხობს დროის მოთხოვნებს), როგორც მოლაპარაკების მეცნიერების, ურთიერთობის ხელოვნების მოძიება და მასთან შერწყმა განაპირობა.

უნივერსიტეტმა, როგორც უნივერსალურმა მოდელმა, უნდა დაასაბუთოს თავისი სიცოცხლისუნარიანობა, შეძლოს არჩეული სამშვიდობო სტრატეგიის პოლიტიკური ველის საუნივერსიტეტო რესურსით შევსება, აქტიურად ჩაერთოს, მეტიც, იქცეს სამშვიდობო პროცესების ეპიცენტრად. შეცვალოს არჩეული მიდგომა და შექმნას კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკა.

საქართველოს მაგალითზე, მსგავსი შესაძლებლობის მატარებელია, ქვეყნის ბედის თანაზიარი „პოლიტიკის მსხვერპლი“ აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე (მსგავსი ბედის მსოფლიოში რამდენიმე „დევნილი უნივერსიტეტია“), აჩენს შესაძლებლობას, კონფლიქტში შესვლის ან ერის ისედაც დეფიციტური ენერგიის კონფლიქტის შედეგებთან ბრძოლისკენ მიმართვის ნაცვლად (წარსულისგან განსხვავებით), აკადემიურ სივრცეში მხოლოდ თემის შემოტანითა და შეზღუდული არასაუნივერსიტეტო რესურსის გაერთიანებით, კონფლიქტით დაინტერესებულ სუბიექტებთან, უპირველესად, ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მხარეებთან და ა.შ. მეცნიერულ-ჰუმანისტური დიალოგის გაჩენით, კონფლიქტის მიზეზების საფუძვლების დადგენასა და მის დარეგულირებას მოემსახუროს.

მიზნის რეალიზაციამ უნივერსიტეტისგან არა მხოლოდ ტრანსფორმაცია, არამედ ხარისხობრივად ახალი ცოდნის, ახალი მეცნიერების, ახალი სიცოცხლის წარმოქმნა მოითხოვა. ამან კი, რეპროდუქციულობიდან გამომდინარე, დამატებით, არასაუნივერსიტეტო რესურსის სახით, მეორე აუცილებელი, ასევე, მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათის რბილი ძალის, მატარებელი სუბიექტის დიპლომატიის, ანუ მოლაპარაკების მეცნიერებისა და ურთიერთობის ხელოვნების მოძიება და მასთან შერწყმა განაპირობა. ორი თავსებადი თვისობრიობის – უნივერსიტეტისა და დიპლომატიის ერთობამ ჩამოაყალიბა ახალი პარადიგმა: თეორიიდან ქმედებისკენ; შექმნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის არა კლასიკური, ან ფორმალური, არამედ, სრულიად ახალი სახეობა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც კონფლიქტის დამარეგულირებელი სისტემის შემქმნელი თავისთავადობა – მშვიდობის უზრუნველყოფის ახალი ორიგინალური საშუალება.

„პარადიგმის“ II პროექტი – სამხრეთ კავკასია ახალი სამშვიდობო სივრცე (რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი) – სწორედ დროს მორგებული ახალ გათანამედროვებულ იდეას წარმოადგენს.

საქართველო არ არის და ვერ იქნება ჩაკეტილი სივრცე. იგი შავი ზღვის აუზის დასავლეთისა და აღმოსავლეთის, საკუთრივ კავკასიის სინთეზია. რელიგიურად, ისტორიულად და გეოგრაფიულად, იმ გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთის ეპიცენტრშია რასაც არა მხოლოდ ქართული არამედ სამხრეთკავკასიური და კავკასიური სივრცე ჰქვია. განგებამ მას ევრაზიის კარიბჭის ადგილი მიუჩინა. ამ გასაღების – „ხიდის“ (ისტორიებს, ტრადიციების, რელიგიებს...) – ფუნქციამ განსაზღვრა მისი ბედი რაც გვკარნახობს მეტ რეგიონალიზმს.

მართალია, კავკასია ერთიანი რეგიონია, რომელიც ორი პოლიტიკური სივრცისგან შედგება, მაგრამ რეგიონულ სივრცეში ვგულისხმობ მხოლოდ „სამხრეთ კავკასიას“ (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) სუვერენულ სახელმწიფოთა იმ ერთიან რეგიონულ სივრცეს რომლის მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა , ოდითგანვე საქართველოს გააჩნდა.

ახალი „პარადიგმა“-მიდგომა ჩვენს ევროოპტიმიზმს ცალსახად ამართლებს. პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იზიარებს ქვეყნის ორიენტირს – ევროინტეგრაციას. ისიც აშკარაა, რომ ფიზიკური გეოგრაფის პოზიციიდან პატარა ევროპა შეზრდილია გიგანტურ აზიასთან და ევრაზიის კონტინენტს, ერთად ქმნიან თავისი ორი კონტინენტური ნაწილით ევროპა-აზია. უნდა დავინახოთ ეს მთლიანობა და ცხოვრებას ჰარმონიულად ასე ვაქცევთ, სხვაგვარად ყოველთვის გაუცხოებული დავრჩებით.

რეგიონისადმი ღია თუ ფარული ინტერესები, გამორიცხავს, საერთო რეგიონული სივრცისადმი ყოველგვარი ცალმხრივი სტრატეგიის არსებობას, რაც მათი მონაწილეების: მსოფლიოს დომინანტი და რეგიონული ლიდერი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ცენტრების და ტრანსნაციონალური კორპორაციების და ა.შ. გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების აუცილებლობას განაპირობებს.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ფორმირება და მისი ახალ სამშვიდობო სივრცედ გარდაქმნა, ერთი ქოლგის ქვეშ დედააზრი გლობალური, რეგიონული და ნაციონალური ინტერესების ბედნიერ მორიგებაშია ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.

ჩვენმა კონცეფციამ, რომლის მნიშვნელობა სცილდება ქვეყნის საზღვრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე, ისრაელის, ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და თურქეთის აკადემიურ წრეებში (უნივერსიტეტები, საისტორიო საზოგადოებები, სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრები) გამოიწვია დიდი ინტერესი. მეტიც, მიმდინარეობს ამ ქართული და, იმავდროულად, გლობალური პროექტის რეალიზაციაში მათი ჩართვის აქტიური პროცესი, მონოგრაფიული ნაშრომი ითარგმნა ბულგარულ ენაზე და გამოიცა ქალაქ სოფიაში. უახლოეს მომავალში გამოიცემა იტალიურ, თურქულ, პოლონურ ენებზე. კონფლიქტოლოგის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ კონფლიქტოლოგიის დარგობრივ მახასიათებლებში დანერგა ახალი ტერმინი „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. მსგავსად სოფიისა, გვექნება პრეზენტაციები ამ ქვეყნებშიც. ამასთან, „პარადიგმამ“ გააჩინა შესაძლებლობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღედგინა ჯანსაღი ურთიერთობა თავის ისტორიულ ფესვებთან სოხუმში – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ამერიკის შეერთებულ შტატებში (ფლორიდის შტატი, ორლანდო) გაეხსნა უნივერსიტეტის წარმომადგენლობა; საუნივერსიტეტო სივრცეში დაეფუძნებინა „სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი“, რომელიც ქართველი, აფხაზი და ოსი მეცნიერ-მკვლევრების, ახალგაზრდებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ყალიბდება სისტემურად გამართულ, ინსტიტუციურად ძლიერ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად; შეექმნა ქართულ-ინგლისურ-რუსული სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი და დაინერგება, ინერგება საქართველოსა და მსოფლიოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ჩაეტარებინა და მონაწილეობა მიეღო არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და სხვ.

დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისათვის!“, – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

ამერიკელი მკვლევრების შენიშვნით, საუნივერსიტეტო დიპლომატის იდეის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოს მხრიდან ახალი ხედვის გაჟღერებას. ეს დაინტერესებული მხარეებისათვის, საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის წარმოადგენს მინიშნებას იმისთვის, რომ პროცესში ყველა სუბიექტს შეუძლია ჩართვა, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა გააერთიანებს და შექმნის პრაქტიკულ და ანალიტიკურ აქტივს ამ კონცეფციის პოზიტიური რეალიზაციისათვის.

მასპინძლებმა აბსოლუტურად გაიზიარეს საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციის ძირითადი არსი – მშვიდობის სწავლებისა და ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნის აუცილებლობა. მათი თქმით, წარმოდგენილი იდეა მეტად საინტერესო და კონცეპტუალურია, რომელიც ძირფესვიანად ცვლის არსებულ მიდგომას კონფლიქტების დარეგულირების აქამდე არსებულ ხედვებში.

ამ იდეის განხორციელება კი შექმნის ერთიან სამოქმედო გეგმას როგორც საერთო საგრანტო პროგრამების, ასევე – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალისთვის სსუ-სა და ფლეტჩერის სკოლას შორის გაცვლითი პროგრამების დასანერგავად. ყოველივე ეს კი, გამოიწვევს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციის რეალიზაციის ხელშეწყობას და უფრო მოქნილსა და პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

ფლეტჩერის სკოლის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაწევრიანება სხვადასხვა დიპლომატიურ ორგანიზაციებში, კოოპერაცია წამყვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან, რაც დადებითად წაადგება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს, არამედ, ზოგადად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს. ძალიან მალე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მალე გახდება ამ ორგანიზაციების წევრი. როგორც შეხვედრებისას აღინიშნა, უპირველეს ყოვლისა, ეს ამ ინსტიტუციებისათვის დიდი პატივი იქნება.

ამასთან ერთად, ეს გამოიწვევს დამატებითი აკადემიური და ფინანსური რესურსების მიღებას კვლევების გასააქტიურებლად. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ზოგადად, საქართველო ძალზედ პასიურია და კვლევების მაჩვენებელიც საგრძნობლად დაბალია. საჭიროა არსებული რესურსების და მონაცემების სრულად გამოყენება და ახალი კვლევების წარმოება. თამამი და გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა ერთიანი ხედვების განსახორციელებლად.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში რექტორი ზ. ხონელიძე პირადად შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანთან, პროფესორ რეიჩელ კაიტს, პროფესორებს – ალან ჰენრიქსონს, დაიანა ჩიგასს, აილინ ბაბიტს. კერძოდ, საქმე შეეხება რექტორ ზ. ხონელიძის მიერ ახალი მონოგრაფიის მომზადებას ფლეტჩერის სკოლისათვის. ამასთანავე, იქვე დაინერგება „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციაზე დაფუძნებული სასწავლო კურსი. უკვე რამდენიმე წელია, სსუ და ტაფტის უნივერსიტეტი ერთობლივ სამეცნიერო ფორუმებს მართავენ. ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

პროფესორმა ა. ჰენრიქსონმა მაღალი შეფასება მისცა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ უნიკალურ კონცეფციას:

„ზურაბ ხონელიძის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ არის ღრმად გამოხატული ეროვნული მისწრაფება, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისკენ როგორც თავად საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მთელ სამხრეთ კავკასიაში. 

იმის ნაცვლად, რომ დაეყრდნოს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან შესთავაზოს ახალი ფორმალური სტრუქტურები, ის ავითარებს მშვიდობის მშენებლობის „ორგანულ“ კონცეფციას. რეგიონის მრავალფეროვან ხალხებს, თავიანთი გადახლართული კულტურული ფესვებითა და მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციებით, შეუძლიათ არაპოლიტიკური განვითარება საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციური ფორმატის მეშვეობით. რექტორი ზ. ხონელიძე, რომელმაც ამ მიმართულებით საქართველოსთვის პერსპექტიული პროგრამა წამოიწყო, ახალ ფუნქციას აღიქვამს, როგორც განათლების, მეცნიერებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სინერგიას“.

პროფესორ ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ ტაფტის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებიც, რომელთა შორის იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მეგობარი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დოქტორანტი, აფხაზეთის მკვიდრი ზვიად აძინბაია.

სსუ რექტორი ასევე შეხვდა აშშ-ში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. მათ გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, მისია და მნიშვნელობა თანამედროვე ეროვნულ ქართულ განათლებაში. ასევე ისაუბრა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციის შესახებაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ვიზიტი მოამზადა და მის წარმატებულ მსვლელობაში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ტაფტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, აშშ-ში სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ანალიტიკოსმა, ბატონმა ლაშა კასრაძემ. 

აღსანიშნავია, რომ რექტორატში ოფიციალურად შემოსულია არა ერთი ოფიციალური მიწვევა როგორც ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან, სადაც ელოდებიან პროფესორ ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექციებსა და მისი მონოგრაფიის პრეზენტაციას. 


Photo gallery