news

მახთუმყული ფირაგის აუდიტორიის გახსნა

2024 წლის 11 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქმენეთის რესპუბლიკის მთავრობისა და საელჩოს ხელშეწყობით, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თურქმენული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და ფილოსოფოსის, მახთუმყული ფირაგის (1724-1807) სახელობის აუდიტორია, რომელიც კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკითა და ფერწერული ტილოებით. აუდიტორიიის გახსნა დიდი თურქმენი პოეტის 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები, თურქმენეთის დელეგაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა ბატონ ელჩს, საელჩოს თანამშრომლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა თურქმენეთის ხელისუფლებას ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა: „მახთუმყული ფრაგის აუდიტორიის გახსნა ხელს შეუწყობს გარემოებას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს სახელოვანი თურქმენი პოეტის მოღვაწეობა, თურქმენეთის ისტორია, კულტურა, ტრადიციები. ამ კაბინეტის გახსნა ასევე ხელს შეუწყობს ნაყოფიერი ჰუმანიტარული დიალოგის გაძლიერებას და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას, რისთვისაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს“- განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა აღნიშნა, რომ „კულტურული და ჰუმანიტარული სფერო თანამედროვე თურქმენეთისა და საქართველოს სახელმწიფოთა შორის დიალოგის განუყოფელი ნაწილია. ეს არის ინტელექტუალური პლატფორმა, რომელიც ეხმარება ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას და აგებულია ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ღიაობის საფუძველზე.

ბატონმა დ. სეიტმამედოვმა აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, მისი მნიშვნელობიდან, ისტორიიდან და მისიიდან გამომდინარე, იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას. შესაბამისად, ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა თურქმენეთის მთავრობისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდე.  

ღონისძიების დასასრულს, თურქმენმა არტისტებმა, თურქმენული ხალხური მელოდიები შეასრულეს.

ბატონმა დ. სეიტმამედოვმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, საჩუქრად თურქმენული ნაციონალური სამოსი გადასცა. ასევე, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას და სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ, პროფესორ ბადრი ნაჭყებიას.

Photo gallery