სიახლეები

გერმანელი მეცნიერები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2024 წლის 12 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ  უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (MHH) პროფესორი ულრიხ მარტინი, ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი გაბი ფრორიეპი, რომლებსაც უმასპინძლა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი მარინა ფოჩხუა, ამავე ცენტრის ექსპერტი მერაბ ჩიქობავა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები. ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის მეორე ფაზა. ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველი ბიოლოგიის მასწავლებლების  სწავლების გაუმჯობესებას ბიომეცნიერებებისა და მედიცინის სფეროში, რათა საჯარო სკოლებში  გაუმჯობესდეს  სწავლების დონე, მეტი მოსწავლისათვის შეიქმნას პროფესიათა არჩევის შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა  ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს, რომელმაც  წარმატებით მოიპოვა DAAD-ის დაფინანსება.  
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, DAAD მხარს უჭერს უნივერსიტეტს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევას შესაბამის საგნობრივ სფეროებში,  რაც თავისთავად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის.  

აღნიშნული  პროექტი ემსახურება ქართველი სტუდენტების მომზადებას მედიცინისა და ბიომეცნიერებების მიმართულებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის დარგში სამეცნიერო კარიერის განვითარების მიზნით.

DAAD-ის მიერ დამტკიცებული პროექტი წარმოადგენს პროფესორ მარტინის ათწლეულების განმავლობაში საქართველოსადმი ერთგულების წარმატებულ გაგრძელებას.

დაფინანსების ფარგლებში, გაუმჯობესდება პარტნიორ უნივერსიტეტებში სტუდენტების მომზადების მიმართულებები, რომლებიც მიზნობრივი სასწავლო და საკვალიფიკაციო პროგრამების მეშვეობით ხორციელდება და მეცნიერების თანამედროვე მიდგომებზეა დაფუძნებული.  შვიდ გამორჩეულ კვალიფიციურ სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა გაემგზავროს ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის ქვემო საქსონიის იმუნოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში (LISA). დაფინანსების მთავარ მიზანს წარმოადგენს სტუდენტების მომზადება საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებისთვის, კერძოდ, MHH-ს  ბაზაზე არსებული ჰანოვერის ბიოსამედიცინო კვლევითი სკოლის (HBRS) სადოქტორო პროგრამებისთვის, რათა მათი წარმატებით დასრულების შემდგომ, საქართველოში დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები მიიღონ.

ფოტო გალერეა