სიახლეები

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2024 წლის 16 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ პირველკურსელებს „სოხუმელთა“ დიდი ოჯახის წევრობა მიულოცა და წარმატებული სტუდენტობა უსურვა.

 

– ჩვენო უმცროსო მეგობრებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! თქვენ მოხვედით განსაკუთრებულ უნივერსიტეტში, რომელიც, თავისი ბედით, ისტორიით, სულისკვეთებით, გამორჩეულია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი ოჯახის წევრი, ეს პასუხისმგებლობაა როგორც ქვეყნის, ასევე – საკუთარი მომავლის წინაშე. აქ მიიღებთ მაღალი ხარისხის თანამედროვე ევროპულ განათლებას, რაც თქვენ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს. ჩვენი უნივერსიტეტის სლოგანია: „ცოდნა – აღმაშენებელი“ და ეს ლიტონი სიტყვები არაა: აქ მიღებული ცოდნა, თქვენი მომავლის და შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. ჩვენი უნივერსიტეტის ფუძე სოხუმშია. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებულია უნიკალური სამშვიდობო კონცეფცია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელსაც ჩვენ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ვუწოდეთ. ის უკვე აღიარებულია არაერთი უცხოური უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრის მიერ. ეს კონცეფცია საფუძვლად დაედება სამხრეთ კავკასიაში არსებული სირთულეების გადაჭრასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ საშვილიშვილო ამოცანების გადასაჭრელად და მტკიცე ხიდს გავაბამთ აფხაზ თანამოძმეებთან, რათა ისევ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, წარმატებულ ქართულ სახელმწიფოში. გილოცავთ სტუდენტობას, გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, ჩვენო უმცროსო მეგობრებო! – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატებული ახალი აკადემიური წელი უსურვეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენელმა, გენერალმა დავით გულუამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ტურავამ, მაგისტრანტმა ლიკა ჩიმჩიურმა.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში გამოთქვა იმედი, რომ ჩვენს უნივერსიტეტს წელს შემოერთებული პირველკურსელები ბაკალავრის დიპლომებს სოხუმში აიღებენ.

 

პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ნინი გოგოლაძე.

 

ღონისძიების დასასრულს, პირველკურსელები ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილდნენ, სადაც ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობებისგან მიიღეს ინფორმაცია სასწავლო  პროცესსა და სხვა საუნივერსიტეტო აქტივობებთან დაკავშირებით. 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა სტუდენტსა და განსაკუთრებით პირველკურსელებს ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს მათ.

ფოტო გალერეა