სიახლეები

ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი

2024 წლის 8 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იტალიის ქალაქ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რექტორის, პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმძღვანელობით ეწვია.

 

საგანგებოდ, ამ ვიზიტის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დანტუონო მობრძანდა.

 

ღონისძიება იტალიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივად, ამ დღისთვის დაგეგმილი აქტივობები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მისაღწევად.

 

ცნობისთვის, ფედერიკო II სახელობის, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წლის 5 ივნისს და მსოფლიოში პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს. 90 000-ზე მეტი სტუდენტითა და უამრავი საუნივერსიტეტო ისტორიული კორპუსით, UniNa ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი უნივერსიტეტია, რომელსაც წელს დაარსებიდან 800 წლის იუბილე შეუსრულდა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ძალისხმევით, საფუძველი ჩაეყარა ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დადასტურდა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების, პროფესორ ზურაბ ხონელიძისა და პროფესორ მატეო ლორიტოს ხელმოწერებით გამყარდა.

 

დღეს ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დიდ საქმეს შევეჭიდეთ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩვენს უნივერსიტეტში პროფესორ ზურაბ ხონელიძის ვიზიტისას, გავეცანით მის იდეას საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ და ძალიან დავინტერესდით. ნეაპოლის უნივერსიტეტი მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტია და კავშირი გვაქვს ყველა კონტინენტის უნივერსიტეტებთან. გვინდა ურთიერთობა გავაღრმავოთ საქართველოსთან და რა თქმა უნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. საუნივერსიტეტო სივრცე მშვიდობის, თავისუფლების, დიპლომატიისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სწრაფვას უნდა ემსახურებოდეს. ბატონი ზურაბის ხედვა საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, ემთხვევა ჩვენს შეხედულებებს და ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად დაუჭერს მხარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინსვლას. ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და ვთვლი, რომ დღეს მეტად მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, ნეაპოლის უნივერსიტეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის საქმეში - განაცხადა ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მატეო ლორიტომ.

 

თავის სიტყვაში იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნოვატორულ იდეას საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ. ის მიესალმა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და განაცხადა:

 

– ჩემთვის დიდი პატივია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნა, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ნეაპოლის უნივერსიტეტს წელს 800 წლის იუბილე შეუსრულდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაფორმებული მემორანდუმი საფუძველს აძლევს ნეაპოლის უნივერსიტეტს იყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი. ეს არის განსაკუთრებული, ჯანსაღი მემორანდუმი, რომელიც სხვა დატვირთვების პარალელურად, ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმრებს თბილი დამოკიდებულებისთვის, მიულოცა იტალიის ელჩს, ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს ნეაპოლის უნივერსიტეტის 800 წლის იუბილე და იმედი გამოთქვა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი კიდევ უფრო გაამყარებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის:

 

– ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორისა და მთელი აკადემიური პერსონალის მიერ საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეის გაზიარება, ამ იდეის საფუძვლიანად შესწავლა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, ნეაპოლის უნივერსიტეტისთვისაც სასურველი და მისაღები იყო. ჩვენ გავერთიანდით იმ აზრის გარშემო, რომ უნივერსიტეტები ცოდნის გაცემასთან ერთად, უნდა ემსახურებოდნენ მშვიდობის, თავისუფლებისა და დიპლომატიის სწავლებას. ამ მიმართულებით ორივე უნივერსიტეტი მზადაა ერთობლივი პროექტები შეიმუშავოს და სტუდენტებისა თუ თანამშრომელთა გაცვლით პროექტებში აღნიშნული მიმართულებები განავითარონ. წლების წინ დაწყებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით გამყარდა. ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელია როგორც ევროპაში, ასევე ყველა პარტნიორ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციასთან, რექტორი მატეო ლორიტო კი ჩვენი უნივერსიტეტის დესპანი იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეში – აღნიშნა პროფესორმა ზ. ხონელიძემ.

 

უნდა ითქვას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრწყინვალედ დაგვირგვინებული პროცესი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის, სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ინდირა ძაგანიასა და იტალიურ-ქართული განათლების ცენტრ „მინერვას“ ხელმძღვანელების ძალისხმევის შედეგია.

 

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ფედერიკო ll სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სრულ პროფესორს, მცენარეთა მდგრადი დაცვის კვლევითი ინსტიტუტის CNR ასოცირებულ მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ მატეო ლორიტოს, მცენარეთა პათოლოგიის პრობლემების კვლევაში, საქართველო-იტალიასა და საქართველო-ევროკავშირს შორის სამეცნიერო, დიპლომატიური, სამშვიდობო ურთიერთობების გაღრმავებასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ სამშვიდობო მისიის რეალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მანტიით შემოსა და საუნივერსიტეტო მედლით „სოხუმელი“ დააჯილდოვა.

 

– დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანწილად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეგობარი ოჯახის, იტალიურ-ქართული საგანმანათლებლო ცენტრის „მინერვას“ პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დამსახურებაა, – განაცხადა რექტორმა და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტ გენერალ ჯოვანი ჯაკომო ანტონიოსა და მის მეუღლეს, ამავე ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ, ქალბატონ მაია ჯიჯავას, საქართველო-იტალიის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებისა და იტალიის რესპუბლიკაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამშვიდობო მისიის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელი გადასცა.

 

თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორმა, მატეო ლორიტომ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, უმაღლესი საუნივერსიტეტო ჯილდო, ნეაპოლის უნივერსიტეტის 800 წლის იუბილესადმი სპეციალურად მოჭრილი, ფედერიკო II ვერცხლის მონეტა უსახსოვრა.

 

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ნეაპოლის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მატეო ლორიტომ წარმოადგინა პრეზენტაცია თავისი საქმიანობის შესახებ, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას გააცნო იტალიური ნოველა ქართულ-იტალიური ლიტერატურული გადაძახილების შესახებ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჯემალ გამახარია და დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.

 

ღონისძიება შემოქმედებითად გააფორმეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

ფოტო გალერეა