news

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2024 წლის 1 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ბატონი ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, ბატონი დავით მორგოშია და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ლაშა დოლბაძე.

 

ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახლადარჩეულ ხელმძღვანელებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ რესურსი, რომელიც აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აფხაზეთის ა/რ მთავრობას, ერთობლივად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

- დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ ქვეყანამ. გისურვებთ, რომ თქვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მომხდარიყოს ძირეული გარდატეხა ოკუპირებული აფხაზეთის დასაბრუნებლად. მჯერა, რომ შეგვიძლია გაერთიანებული ძალებით დავიწყოთ ახალი, ჯანსაღი პროცესები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სსუ არის ადგილი, საიდანაც სწორედაც რომ შესაძლებელია დაიწყოს სამშვიდობო პროცესები და ამისთვის უნივერსიტეტის მისიას ახალი დატვირთვა შევძინეთ. იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობა, ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი იქნება - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი ლევან მგალობლიშვილი მიესალმა აუდიტორიას და განაცხადა:

 

- ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა. მინდა გითხრათ, რომ მეტად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. ეს უნივერსიტეტი ქართველთა და აფხაზთა დამაკავშირებელი ძლიერი რგოლია. ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოხუმის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ერთობლივად დავსახოთ ქვეყნის ერთიანობის აღდგენის სწორი და ეფექტური გზები.“

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ბატონმა დავით მორგოშიამ ისაუბრა უმაღლესი განათლების სისტემის სიახლეებზე, სამინისტროში არსებულ სტუდენტურ სტიპენდიებზე, სსუ-ის წარჩინებულ სტუდენტებსა და მათ დასაქმებაზე. აუდიტორიას გააცნო განათლების მიმართულებით დასახული სამომავლ გეგმები და უნივერსიტეტს, ყველა კეთილ წამოწყებაში, მხარდაჭერა აღუთქვა.

 

შეხვედრის დასასრულს, ეკრანზე გავიდა მურმან ჯინორიასა და ნათია თოდუას მიერ შესრულებული სიმღერის, „ფრთამოტეხილი მაფშალია“ კლიპი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ხელშეწყობით იქნა გადაღებული. ღონისძიება დაასრულა სსუ-ის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ცეკვა „ქართულით“.

 

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ მთავრობის ხელმძღვანელებმა, გაცნობითი ხასიათის ვიზიტები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს.

Photo gallery